მამუკა ბახტაძე ჭუბერში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბშიც მივიდა, სადაც მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს, მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, წყლით, საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მათი მომარაგება დაავალა.

“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება, 6 ხიდია წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული, ახლა ველოდებით წყლის დონის დაწევას, რომ დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია, რაც შეეხება საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შემოტანას. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ორგან გვაქვს და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, რათა ყველგან გვქონდეს დამონტაჟებული აღნიშნული სისტემები. ეს საშუალებას მოგვცემს, პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ, – განაცხადა პრემიერმა.

სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი