ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი წარჩინებული სტუდენტი დააფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების „განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის“ პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი, N9 სხდომა გაიმართა.

უწყების მიერ გავრცელეული ინფორმაციით თანახმად, კომისიამ კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები კონსტანტინე ჯალაღონიას, როგორც წარმატებულ ზუგდიდელ ახალგაზრდას, დაუფინანსა აშშ-ში მგზავრობის თანხის ნაწილი. კონსტანტინე ჯალაღონია 2018 წლის მარტიდან ლაფაეტის კოლეჯში, ეკონომიკის მიმართულებით სწავლობს.

ამასთან, კომისიამ კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ მარიამ ქობალიას, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მგზავრობის საფასური დაუფინანსა . მარიამმა პოლონეთის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამაში ,,ახალგაზრდა მეცნიერი“ გაიმარჯვა. პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტრო სწავლებაზე დაფუძნებულ კვლევას და სწავლას პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ორივე წარჩინებულ სტუდენტს წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი