შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას, მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად”.
როგორც შს მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური.
„რაც შეეხება კულტივაციას, აქ ეფექტური რეგულაციებია საჭირო. ეფექტურობის ნაწილში, ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე მხრივ, ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. იმ სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა არის იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.
„ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ჩვენმა განვითარებამ მოგვცა ის შედეგი, რომ ფაქტობრივად, შსს ეფექტურად ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას და ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. ამას ვცვლით და კონკრეტულად გვეცოდინება მარიხუანას მოხმარება რა პირობებში არის დასჯადი. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აღვასრულებთ“, – აღნიშნა გახარიამ