სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კანაფის რეალიზაციის წინააღმდეგი არაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს დარგი კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს.
ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე“, – აღნიშნა ილია მეორემ.
ცნობისთვის, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას და ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის ექსპორტზე გატანას.