ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებმა სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ ფორუმზე პროექტები წარადგინეს და თურქეთში წამყვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს. მათ შორის, ანაკლიის წარმომადგენლები შეხვდნენ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზონის, ეგოისის მენეჯმენტს და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინფორმაციით, „კანადა-თურქეთი ინფრასტრუქტურული ენერგეტიკის ფორუმზე“ „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ერთ-ერთი სპიკერი იყო. მან პანელზე – „ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის მაკავშირებელი: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“- ფორუმის მონაწილე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტები წარუდგინა.
ამასთან, იზმირში „ანაკლია სითის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს ESBAS-ის გენერალურ დირექტორთან, რომელიც თურქეთში ექსპორტის მიმართულებით ყველაზე დიდი ეკონომიკური ზონის, ეგოისის თავისუფალი ზონის ოპერატორი კომპანიაა. ეგოისი ქვეყნისთვის წამყვან ზონას წარმოადგენს საერთაშორისო ინვესტიციებისა და დასაქმების მიმართულებით. ESBAS-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე- ქართული და თურქული ეკონომიკური ზონების სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა შედგა „ეკოლ ლოგისტიკსის“ (Ekol Logistics) წარომადგენლებთანაც, რომელიც აბრეშუმის გზის მონაწილე, თურქეთში წამყვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა. ის ასევე ოპერირებას უწევს საბორნე ტერმინალებს თურქეთსა და ევროპაში და ასრულებს სარკინიგზო მომსახურებას ევროპასა და აზიას შორის, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში. ანაკლიის გუნდმა „ეკოლ ლოგისტიკის“ ოპერირებაში მყოფი საბორნე ტერმინალიც მოინახულა იალოვას პორტში (თურქეთი).
ანაკლიის ჯგუფმა ასევე მოლაპარაკება გამართა „დოუ ქემიქალსის“ (DowChemicals) და ალისან ჯგუფის (Alisan Group), ასევე ალარკო ჯგუფის (Alarko Group) წარმომადგენლებთან. „დოუ ქემიქალსი“ არის წევრი კომპანია უმსხვილესი ამერიკული კომპანიების ჯგუფის „დოუ დუპონის“ (DowDupont), რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოში ქიმიური სფეროს მიმართულებით მომუშავე ყველაზე დიდი კორპორაციაა. ალისან ჯგუფი და ალარკო ჯგუფი კი თურქეთში წამყვანი ლოგისტიკური, სამშენებლო და ინდუსტრიული ჰოლდინგები არიან.
შეხვედრები მიზნად ისახავდა სამომავლო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და მსოფლიოში სხვადასხვა სფეროს ლიდერი და გავლენიანი კომპანიების ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე, ზოგადად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის, ისევე, როგორც საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე მასშტაბური საზღვაო სამუშაოები, კერძოდ, ზღვის ფსკერის დაღრმავება და 5 000 000 კუბური მეტრი ქვიშის რეკლამაცია მიდინარეობს. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და მისი ამოქმედება 2020 წელს იგეგმება.