ანაკლიის პორტის იდეის განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივით დაიწყო და ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.
„გვწამს, რომ მსგავსი პროექტების რეალიზაციის უკეთესი მოდელია კერძო სექტორის მეშვეობით მისი რეალიზაცია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის ისეთი მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობს საერთო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში. ჩვენ ამ მოდელის ერთგული ვრჩებით. ვფიქრობთ, ანაკლიის განვითარებისთვის საუკეთესო გახლავთ კერძო სექტორის მიერ ამ იდეის რეალიზება. რა თქმა უნდა, არ გვსურს, ეს საკითხი უსაშველოდ გაიწელოს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მშენებლობა რაც შეიძლება, დროულად უნდა დაიწყოს.
„რამდენჯერმე მოხდა საკითხის გადავადება და ჩვენი ამოცანაა, ისევე როგორც კონსორციუმის მონაწილეების ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება, დროულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი. ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა იმაზე, ვითომ, თავის დროზე, ვიღაცამ კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.