ტერაქტისას გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების საკითხზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “newsportal” უცვლელად გთავაზობთ:

“უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმა 28 წლის ავსტრალიელმა პირმა მოახდინა, აღნიშნული ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაციად უკვე შერაცხეს. მან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, მათ შორის ბავშვებს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 ადამიანი.

თავდამსხმელმა თავდასხმა ავტომატური იარაღით განახორციელა, რომელსაც სხვადასხვა წარწერებთან ერთად, დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანიც აწერია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი