სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ „დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
სუს-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ.
“საანგარიშო პერიოდში „დაეში“ მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით. აღნიშნულის ფარგლებში „დაეშისთვის“ პრიორიტეტული აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. „დაეში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ რადიკალიზებულ პირებს ნებისმიერი საშუალებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ აქტიურად ავრცელებდა საკუთარ იდეოლოგიას, ახდენდა პირების რადიკალიზაციასა და გადაბირებას.
სუს-ი ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს, ამუშავებს და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ „დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა”, – ნათქვამია ანგარიშში.