საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა – სუს-ი

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, 2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი