აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ აიდი ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს.

ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილის“ მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილის“ მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი