ფოთში ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაუქმებულია – ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მინისტრის თქმით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა ფოთის პორტთან დაკავშირებით არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.

„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონ ლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან.

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი