“მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, კონცენტრირდეს ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს”

მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტს ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა გააჩნია.

„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონ ლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან.

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

ამასთან, დღეს მინისტრმა განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიცა ფოთის პორტთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, არამედ ის არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც მინისტთან. ასევე დოკუმენტი გაცემულია პროცედურული დარღვევებით. სამინისტრომ დოკუმენტი გააუქმა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი