როგორც ცნობილია, ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ალანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის საქმეს შსს-ს გენ.ინსპექცია იძიებს. სამინისტროში გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ალანია კადრებსი განყოფილებაშია გადაყვანილი.
მომხდარის მიზეზებზე ბევრს წერენ სხვადასხვა მედიასაშუალებები. ერთ-ერთი ვერსიით, გენ.ინსპექცია ზურაბ ალანიას მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს. თავად ალანია კი მედიასთან არ კონტაქტობს.
ალანიას მისამართით დღეს სხვა ბრალდებებიც გაჟღერდა “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის წრმომადგენლის დარეჯან ცხვიტარიას მხრიდან, რომლის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს მფარველობდა.
ზურაბ ალანია თანამდებობაზე 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა და მას რეკომენდაცია ფოთის მაჟორიტარმა ეკა ბესელიამ გაუწია, რომელიც მისივე ნათესავია. რეკომენდაციის საკითხი თავად ბესელიამ მაშინ კამერების წინ დაადასტურა, თუმცა დღეს უარყო. ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, რომ ალანიასთვის რეკომენდაცია არ გაუწევია და “პოლიციაში კადრების რეკომენდაციებით არ ინიშნებიან”.