1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
შეიარაღებული დაპირისპირება 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში, აფხაზური ქვედანაყოფების გარდა, მონაწილეობდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი.
სოხუმის დაცემას წინ უძღოდა 27 ივლისის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დაქირავებულ მებრძოლებს აფხაზეთი უნდა დაეტოვებინათ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სოხუმიდან ჯავშანტექნიკა და არტილერია უნდა გაეტანა, აფხაზური კი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს უნდა გაეკონტროლებინა. შეთანხმების პირობები მხოლოდ თბილისმა შეასრულა.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20 ათასიდან 30 ათასამდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 ათასზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან ლტოლვილად იქცა. კონფლიქტის განმავლობაში ჩაიდინეს უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლეს 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20 ათასი აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.
2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა.