საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. გარდაცვლილი 83 წლის კაცია.
„83 წლის კაცთან, რომელიც ტერმინალურ მდგომარეობაში იყო, ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქვლის ნაკლოვანება. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, დღეს დილით პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა რატიანმა.