კახა სიხარულიძე: “ე.წ. აფხაზური კულტურის ინსტიტუტს რომში ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა”

იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის ინფორმაციით, ე.წ. აფხაზური კულტურის ინსტიტუტს რომში ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა.

„ჩვენ წინმსწრებად გვქონდა ინფორმაცია ამგვარი ინიციატივის შესახებ სეპარატისტების მხრიდან. ამ წამოწყებას არ გააჩნია არავითარი ოფიციალური სტატუსი. ჩვენ უკვე მივმართეთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, რომის მერიას და შესაბამისი რეაგირება უკვე სულ მალე იქნება. ეს არის კერძო პირების ინიციატივა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და იტალიის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის აკეთებდა, ამას დროულად ალაგმავს. ასე რომ, პრინციპში არავითარი პრობლემა არ არის“ – განუცხადა კახა სიხარულიძემ “ინტერპრესნიუსს”.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დღეს, 17 ივნისს, რომში აფხაზური კულტურის ცენტრი გაიხსნება. პრეზენტაციას კი აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე იტალიაში რუსეთის, ნიკარაგუისა და ვენესუელას ელჩები დაესწრებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი