ირმა ნადირაშვილი: “კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს ”კალა კაპიტალისგან” და ”კალატოზასგან” თანხა გადაირიცხა”

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ”ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების  ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძის, იგივე ”კალატოზასგან”, გარკვეული თანხა გადაირიცხა.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ განაცხადეს.

“კორცხელის ინციდენტიდან თითქმის, ერთი თვე გავიდა. ხელისუფლებას ამ ძალადობის დამკვეთის გამოსავლენად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ხოლო თავად მოძალადეები დღემდე თავისუფლებაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დანაშაულის შემდეგაც განაგრძობდნენ აგრესიულ მოწოდებებსა და ძალადობის მუქარას. ჩვენ თავიდანვე წარმოვადგინეთ აღნიშნულ ძალადობრივ ჯგუფთან ვიცე პრემიერ კახა კალაძის უშუალო კავშირის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებდა როგორც მოძალადეთა კავშირები ვიცე პრემიერთან და „ქართულ ოცნებასთან“, ისე თავად კალაძის რეაქცია და უშუალოდ მისი განცხადებები კორცხელის ძალადობის შეფასებისას, კერძოდ, იგი ამართლებდა თავდასხმას, ცდილობდა, ძალადობის მსხვერპლი წარმოეჩინა დამნაშავეებად და ხელს აფარებდა თავდამსხმელებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა თავდამსხმელი დაკავშირებულია იმ სპორტ-კლუბთან, რომელსაც უშუალოდ ბ-ნი კალაძის ცოლის ძმა მართავს. ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აღნიშნულ კავშირს უტყუარად ადასტურებს. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ რუსული სააქციო საზოგადოება ”ალფა ბანკის” მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილების N0978-NRB/017 და N0979-NRB/017 – თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი მარია შევჩენკო, დავით ქარსელაძემ, იგივე “კალატოზამ” ”ალფა ბანკში” ორი ანგარიში გახსნა კორცხელში „გამოჩენილი“ ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე. ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16:08 საათზე “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან 17:54 საათზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16:37 საათზე “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი – ამჟამად რუსეთის მოქალაქე – რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა. მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახა კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ აირჩიეს თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში. წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცე პრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გამოძიების იმედი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პროკურატურას – დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობა ზემოაღნიშნულ დანაშაულში”, – განაცხადა  ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი