„კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურებიან.
„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები – ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს, ბრიფინგზე დოკუმენტაცია გაასაჯაროეს, რომლის მიხედვითაც ”ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების, ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე ”კალა კაპიტალ ლიმიტედისგან”(კვიპროსი) და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იგივე ”კალატოზასგან”, გარკვეული თანხა გადაირიცხა.