მედიამონიტორინგი – წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა, ვიდრე 2012 წლამდე

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ, „ინტერნიუს – საქართველომ“ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს.

ანგარიშის მიხედვით, მედია გაცილებით უფრო გამართულად, უფრო დაბალანსებულად აშუქებს დღეს საარჩევნო კამპანიას, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

კვლევისას გამოიკვეთა, რამდენიმე ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მთავრობა  უარყოფითად ჰყავს წარმოჩენილი „რუსთავი 2“-ს და „ობიექტივს“, დადებითად კი GDS-ს.

რადიომაუწყებლების შემთხვევაში კი ისინი დაბალანსებულად და მოუკერძოებლად აშუქებენ მოვლენებს, რაც ქმნის კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ რადიომაუწყებლებმა ხელი შუეწყონ ამომრჩევლის ინფორმირებულობას, თუმცა „ინტერნიუს – საქართველოს“ განცხადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაზრდიან ანალიტიკური, სიღრმისეული სიუჟეტების მომზადებას და მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას.

რაც შეეხება პრესას და ონლაინ მედიას, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი ჯოლოგუა აცხადებს, რომ პრესის შემთხვევაში ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმებისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ უხეში დარღვევა.

„რამდენიმე გაზეთში გვხვდება, რომ ჟურნალისტები ან ღიად მხარს უჭერენ, ან ღიად ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, თუმცა არის გაზეთები, რომლებიც აბსოლუტურად ობიექტურად აშუქებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რაც შეეხება ონლაინ მედიას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით საკმაოდ კარგი სურათი გვაქვს, ბევრად უკეთესი, ვიდრე პრესაში“, – განაცხადა გიორგი ჯოლოგუამ.

მონიტორინგი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებებია ჩართული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი