“სოფლად სახლის” პროექტით კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს სამეგრელოში იმ დევნილი ოჯახების ნაწილი მოინახულეს, რომელთაც “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ.

ბონდო ცაავას 4 სულიან ოჯახს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, სენაკში საცხოვრებელი სახლი შეუძინეს, რომელსაც 2.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაც აქვს, რევაზ ესართიას სამ სულიან ოჯახს კი სოფელ თეკლათშ სახლთან ერთად 3.5 ჰა მიწა და 20 ოჯახი ფუტკარი ჰყავს, რაც, მისივე თქმით, ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. ხობში კი საცხოვრებელი სახლი 1.5 ჰა მიწის ნაკვეთით მამუკა ჭუმბურიძის 6 სულიან ოჯახს უყიდეს.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ფონდს 100 ათასი ევრო აქვს დარჩენილი სახლების შესაძენად. მინისტრ სუბარის განმარტებით, აღნიშნული თანხით კიდევ 11 ოჯახი დაკმაყოფილდება.

დასავლეთ საქართველოში “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში სახლები სულ 61 დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი