საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის განცხადებით, “9 ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდება და “ნაციონალური მოძრაობა” მოვა ხელისუფლებაში, ანაკლიის პორტის და “ლაზიკას” ქალაქის მშენებლობა გაგრძელდება”.
ამის შესახებ რულოვსმა ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ნიკა მელიასთან და ადგილობრივ ლიდერებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ პროექტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, შეჩერდა, ცუდია, რომ ვერ ხვდება მოქმედი ხელისუფლება მათ მნიშვნელობას. როდესაც მოვდიოდით ბათუმიდან, თეკლათში ერთი მარკეტი შევნიშნე, რომელსაც “ლაზიკა” ეწერა. მის მეპატრონეს და სხვებ ესმოდათ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი და ის აუცილებლად გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვალთ”, – განაცხადა რულოვსმა.
ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა სოფელ ორსანტიასა და კახათში გადაინაცვლეს.