საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB.

ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.

წელს განათლების სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა – 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის – 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის – 2530 პორტაბელური კომპიუტერი;

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე; ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს დაიბეჭდა 2 246 738 წიგნი, რვეული და ტესტი.
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.

კერძო სკოლები სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი