ხვალ პირველად „ზუგდიდობა“ აღინიშნება

ხვალ, 10 სექტემბერს პირველად „ზუგდიდობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართება. ქალაქს აქამდე საკუთარი დღესასწაული არ ჰქონია. დღესასწაულთან დაკავშირებით,  ქალაქის რამდენიმე ადგილას სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

სამეგრელო-ზემო სვნეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ზუგდიდობა 2016“ საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 12:00 საათზე გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ ბულვარში ხალხური რეწვის ნიმუშები, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები გამოიფინება.

მათივე ცნობით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრალურ ბულვარში, სხვადასხვა ადგილას ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტები გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ზუგდიდობაზე“ თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდება ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამობრძანება, მთვარის მოტაცება, ასევე წარმოდგენილი იქნება ბერტა ფონ ზუტნერი და იოანე მეუნარგია. თეატრალური წარმოდგენები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში 13:00 საათიდან დაიწყება.

საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალი, ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში 16:00 საათზე გაიმართება. პირველ ზუგდიდობას მთავრობის წევრები, პარლამენატრები და სხვადსხვა ქვეყნების ელჩები დაესწრებიან. 16:00 საათზევე ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში  რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელას“ვარსკვლავი გაიხსნება. ზუგდიდის ბულვარში ეს პირველი ვარსკვლავი იქნება.

16:15 საათზე კი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართება.

პროგრამის ფარგლებში, 17:00 საათზე საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ – დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება. სადაც მონაწილეობას  დავით ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ოდოია“ მიიღებენ. საღამოს წამყვანები  ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იქნებიან.

დღესასწაული  21:00 საათზე  კონცერტით დაიხურება, რომელიც  „CHECK IN GEORGIA“-ს ფარგლებში  ზუგდიდის ცენტრში გაიმართება. მასში მონაწილეობენ: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ელენე ფოჩხუა, თემო საჯაია, სოფო ბედია, ბორის ბედია და ანსამბლი „ფორტე“.

“ზუგდიდობა-2016”-ის ორგანიზატორი  ქალაქ ზუგდიდის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. ზუგდიდობა 2016 -ის მთავრი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი