“მრეწველები” და “ედპ” არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” და  ”ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია” 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკომ შესაბამისი განკარგულებები გამოსცა.

განკარგულებებში ცესკო განმარტავს, რომ პარტიებს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენიათ.

”საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი. საარჩევნო ბლოკმა ”თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო” მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ცესკოში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება და კანდიდთა სააღრიცხვო ბარათები, თანდართული დოკუმენტაციით (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ფოტოასლები, ფოტოსურათები, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო ბლოკის ”თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის ”გ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს ”თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო” და მის წარმომადგენლებს ზურაბ ტყემალაძესა და ნათია ბედელაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო”, – ნათქვამია განკარგულებაში.

რაც შეეხება ”ედპ”-ს,  ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო”-ს მსგავსად პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო არჩევნებიდან მოიხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგაშია მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი