„ენგურჰესის” მიმდებარედ ტურისტული საიტი მოეწყობა

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ  ძეგლის განვითარების კონცეფცია წარადგინა, რომელიც ესტონელი ექსპერტების – ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა. ანთიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტის მოწყობა, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.

კონცეფციის წარდგენას, კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.

როგორც მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დიალოგის და საჭირო დოკუმენტების მომზადების შემთხვევაში, ენგურჰესის  კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი