ხეშეშფრთიანი ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

მავნებელის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ წელს სამეგრელოში თხილის და მარცვლეულის მოსავალი გაანადგურა, სურსათის ეროვნული სააგენტო ბრძოლას იწყებს. ხეშეშფრთიანი ბაღლინჯოს წინაააღმდეგ ამერიკელი ექსპერტების რჩევით კონტაქტური შეწამვლა მოხდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით უკვე შემუშავებულია გეგმა, რის მიხედვითაც ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყება.

შეიქმნება საგანგებო შტაბი, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შევლენ.

სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილე, დავით კოდუასთან ერთად რეგიონის გამგებლებს და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსებს გააცნო.

„მავნებელთან საბრძოლველად, ჩვენ არ გავჩერებულვართ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ამ კონკრეტულ მავნებელთან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც ჩვენ ექსპერტები მოვიწვიეთ და მათი კონსულტაციით ჩამოვაყალიბეთ გეგმა. ძალიან მალე დამტკიცდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის მთელ რიგ სამუშაოებს ეხება“, – განაცხადა შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა.

ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო რეგიონში გასულ წელს გავრცელდა, მან ძირითადად თხილის, მარცვლეულის და ხეხილის მოსავალი გაანადგურა. სპეციალისტების განმარტებით, ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო საქართველოში სოჭიდან გავრცელდა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი