რუსმა ოკუპანტებმა ხურჩის მცხოვრები დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. “საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის მცხოვრები 52 წლის ენვერი ბერია დააკავეს.

ბერიას მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან, ბერიას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა და ფაქტს მისი ნათესავი შეესწრო, რომელზეც დაყრდნობითაც ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ბერია მისსავე ნაკვეთში აიყვანეს.

ოჯახი მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ადგილობრივების ინფორმაციით კი, რუსმა სამხედროებმა ბერიას გასათავისუფლებლად 50 000 რუბლი მოითხოვეს.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, სადაც აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის მისია, ამუშავებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა ბერიას გასათავისუფლებლად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი