წელს პირველად ბიზნეს-ფესტივალი „ანაკლიობა” გაიმართება

 

12-დან 16 ივლისის ჩათვლით ბიზნეს-ესტივალი “ანაკლიობა” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები.

ფესტივალი USAID-ის პროექტი Zrda-ს მხარდაჭერით და  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ორგანიზებით ტარდება.

ორგანიზატრორების ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე კვებისა  და სასმელი პროდუქტების კომპანიები, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ხელოვნებისა და ფოტო სტუდიები, ტურ-ოპერატორები და სატრანსპორტო კომპანიები, რომელთაც სურთ საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება იმ ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული, საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „ჯემ ფესტის“ დროს ეწვევიან რეგიონს.

მათივე ცნობით, ფესტივალის მიზანია ტურიზმის სექტორის გაძლიერებითა და  რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებით ხელი შეუწყოს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის  სამუშაო ადგილების შექმნას და მათი შემოსავლების  ზრდას.

მიმდინარე წელს „ჯემ ფესტი“ უკვე მესამედ, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გაიმართება. იგი ერთ თვეს გასტანს და, პროგნოზის მიხედვით, 100 000-მდე ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.

ფესტივალის გახსნას დაესწრებიან დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ტურიზმის ასოციაციები, კერძო  კომპანიები, საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა და მედია.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი