ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში ჩართული მაშველებს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენენ

ჩხოროწყუში, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეკიპაჟის მეთაურმა ბესიკ გაბიანმა და ეკიპაჟის წევრებმა – ბესიკ ბაკურიძემ, შალვა შალიბაშვილმა და დიმიტრი ქააძემ გმირული საქციელი ჩაიდინეს და ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე პრაქტიკულად დასვეს ვერტმფრენი, რის გამოც ისინი ჯილდოს იმსახურებენ.

„ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი, ასეთი მაღალპროფესიონალური ოპერაციით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. ასევე გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაში 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ლინკები იგივე თემაზე:

http://newsportal.ge/chxorowyushi-samashvelo-operacia-warmatebit-dasrulda/

http://newsportal.ge/wyaldidoba-chxorowyushi-kundzulze-darchenili-2-adamiani-samashvelo-operacias-elodeba/

კომენტარები

დატოვე კომენტარი