ზუგდიდის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის განხილვები დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ჯანდაცვისა და სოციალური ნაწილი საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც მერიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2018 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის გამოყოფილია  2 900 000 ლარი.

კომისიის თავმჯდომარის ოთარ ქადარიას თქმით, ბიუჯეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის სფერო. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური საკითხები ძირითადად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადგილობრივ თვითმმართველობას შემუშავებული აქვს რიგი სახის პროგრამები მოსახლეობის სოციალური პირობების და ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლად.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის დარგით გათვალისწინებულია ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც ძირითადად გათვლილია როგორც საერთო საჭიროებებზე, ისე ინდივიდუალურად კონკრეტულ ბენეფიციარებზე, მატერიალური და ფულადი დახმარების მიმღებ პირებზე ჯანდაცვის ღონისძიებებზე“- აღნიშნა ოთარ ქადარიამ.

კომისია დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი პროცედურების დაცვით მერიას წარუდგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი