გიორგი კვირიკაშვილი – სამეგრელოში ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა იგეგმება

სამეგრელოში და კახეთში, ფსიქიატრიული კლინიკები აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს.

მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია ამ დაწესებულებაში შექმნილ აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს.

„მინდა, ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი