სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავება იწყება

ეროვნული სატყეო სააგენტო, მიმდინარე წლის აპრილიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში, იწყებს ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავებას, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით,  ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 550 ჰა-მდე ფართობი. შეწამვლითი სამუშაოები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდება (გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით).

მათივე ცნობით, დაზიანებულ ფართობებზე, ასევე, ხდება ალტერნატიული ბრძოლის მეთოდის, ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენების გამოცდაც. გარდა ბრძოლის ღონისძიებისა, დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.

“კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ეროვნული სატყეო სააგენტო საკონსერვაციო ღონისძიებებსაც ახორციელებს, შექმნილია თესლის ბანკი, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის მოწყობა. 2016 წელს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოები ბიოლოგიური პრეპარატით საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განახორციელა. 2017 წელს, მავნებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 150 ჰა ფართობზეც, სადაც სააგენტომ ასევე განხორციელდა შეწამვლითი სამუშაოები”, -აცხადებენ სამინისტროში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი