აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს იტალიელი სპეციალისტები დადებითად აფასებენ


კომპანია „აგრი ჯორჯიას“ მოწვევით,  საქართველოში მყოფი  წამყვანი იტალიელი სპეციალისტები, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ.  შტაბის წარმომადგენლებმა მათ  მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, გააცნეს მოქმედი  მონიტორინგის სისტემა და ის ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც მიმდინარე წელს მავნებლის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა  ლუჩანო ტაველამ  დადებითად შეაფასა შტაბის საქმიანობა და არსებული სისტემა. აგრეთვე  აღნიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვანია.

“ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა არის ძალიან საინტერესო და ჩემი ცოდნის ფარგლებში უნიკალურიც კი. ძალიან კარგი იდეაა მავნებლის გამოჩეკვამდე მისი პოპულაციის შემცირება. ამ რეგიონისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ეს არის კარგი მეთოდი მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად”, – აღნიშNა პროფესორმა.

„ფერეროს“ საერთაშორისო აგრობიზნესის კოორდინატორი დანიელ დელაჩა კი ამბობს, რომ კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს და ფიქრობს, რომ რასაც ეს უწყება აკათებს, შესანიშნავია.

“ბევრს მუშაობენ და შეიმუშავეს უნიკალური პროგრამა. ჩემი რეკომენდაციაა, უბრალოდ გააგრძელოთ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებთ. თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამარცხოთ ეს მავნებელი”, – დასძინა დელაჩამ.

იტალიელი სპეციალისტები საქართველოში “აგრიჯორჯიას“ მოწვევით იმყოფებიან და აზიური ფაროსანას მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სწავლებას ატარებენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი