2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჰესზე ახლაც მიმდინარეობს.
“ენგურჰესზე“ ნამდვილად მოხდა ავარია, რომლის მსგავსი ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. საკმაოდ მალე, 7 დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი, დღეს უკვე 4 აგრეგატი მუშაობს და სავარაუდოდ მე-5 აგრეგატს ძალიან მალე დავაერთებთ. არსებობს ინტერაქტიული ვებ გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, ასევე საქართველოდან გასული და შემოსული ელექტროენერგია, სადაც ნათლად ჩანს, რომ დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპორტზე გაგვაქვს. რაც ეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას და იქ ჩასატარებელ სამუშაოებს, მუდმივად ტარდება ეს სამუშაოები, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წელსაც ჩვენ 2 აგრეგატის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. იქ საინვესტიციო პროგრამა მუდმივად მიმდინარეობს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.