“აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში” – რეგიონს ტუროპერატორები ეცნობიან

“აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში” – ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს ერთობლივი  პროექტია. რომლის ფარგლებშიც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 20-მდე მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობია. პროექტი ტურ ოპერატორებს ახალი ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შემუშავებასა და პოპულარიზაციაში დაეხმარება. დღეს, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს მხარის გუბერნატორი ტექნოპარკში შეხვდა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო. პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთი უკვე წარდგა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB BERLIN.

პროექტი დამატებით ვიზიტორთა მოზიდვასთან ერთად, რეგიონის მდიდარი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.  რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივების შემოსავალების ზრდას და განვითარებას.

ტუროპერატორებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ტური, მოიცავს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს და ემსახურება აქ არსებული და ნაკლებად ცნობილი უნიკალური ბუნებისა და კუტურის ძეგლების, მეგრული სამზარეულოსა და აგროტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. დამატებით, შეიქმნება ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შუეწყობს შეთავაზებათა სპექტრის გაზრდას და ვიზიტორთა ნაკადის მატებას.

ტურის ფარგლებში, ტუროპერატორებმა უკვე მოინახულეს სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, ოცინდალეს მამათა მონასტერი, საიდანაც ხელისგულზე მოსჩანს კოლხეთის დაბლობი;  განახლებულ მარტვილის კანიონი, ენგურის თაღოვანი კაშხალი, კოლხეთის ეროვნული პარკი, მარწყვის სათბურები და დააგემოვნეს უგემრიელესი მეგრული სამზარეულო.

USAID-ის  პროექტი Zrda, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ახალი სამოგზაურო პაკეტების პრომო მასალის საერთაშორისო გამოფენებზე გატანას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას  და შესაბამისად რეგიონების მდგრად ეკონომიკური განვითარებას.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი