ბათუმში ევროინტეგრაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე –  “საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. კონფერენციის გახსნისას მთავრობის პირველმა პირმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების მხრივ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ამ ძალიან ლამაზ, ევროპულ ქალაქში. ის მდებარეობს გზაგასაყარზე, არის რომაული, ბერძნული კულტურის და ცივილიზაციის გასაყარზე მდებარე ქალაქი. იყო უდიდესი პორტი, რომელიც უძველესი დროიდან არის ცნობილი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ კორიდორის გაფართოებას ვცდილობთ. ბათუმი გახდება ძალიან აქტიური სავაჭრო ცენტრი, კავშირი ჩინეთსა და ევროპას, აზიასა და ევროპას შორის.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს და ბუნებას.

კონფერენციაზე  შემდეგი საკითხები განიხილება: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი