ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილს ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება” ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ლევანი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი.

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება.

ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი