ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23 %-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

„კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 72.72 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში – 43.12 %. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.9%. ამომრჩეველთა აქტივობამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, 20:00 საათისთვის 46.74%, (1 637 956 ამომრჩეველი) იყო. არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციას საარჩევნო უბნებზევე ჰქონდა რეაგირება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 1 739 ზარი და 522 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე – www.results.cec.gov.ge.

„როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ ოფიციალური შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ პირველად, წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას“, – აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს „ფეისბუქზე“ (Facebook), „იუთუბსა“ (Youtube) და ვებგვერდზე მოხდება.

„საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება. ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცედურები. შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. 22:00 საათისთვის შემოვა პირველადი ოქმები, 23:00 საათიდან ძირითადი ოქმები და სავარაუდოდ არაუგვიანეს ღამის 02:00 საათისა, ცესკო გამოაცხადებს არჩევნების პირველად, წინასწარ შედეგებს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი