სალომე ზურაბიშვილი – დღეს, ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი, რომელსაც დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ამომრჩევლებს მიმართა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მივესალმები ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა გვისმენს. მინდა ყველას ვუთხრა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილმა, ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 43%, რომელიც 195 305 ხმას შეადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი