ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

ჩხოროწყუს საკრებულოში, სადაც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, კვორუმი ვერ შედგა, შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა. თავმჯდომარის არჩევას 14 ხმა სჭირდება, მმართველი გუნდი წარმომადგენლობით ორგანოში კი მხოლოდ 12 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ამის მიუხედავათ კენჭისყრის დროს ქართული ოცნების კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო.

კენჭისყრა ფარული იყო შესაბამისად უცნობია ოპოზიციონერმა რომელმა დეპუტატმა დააფიქსირა ხმა ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ.  

ჩხოროწყუს საკრებულოში მომდევნო სხდომა ერთი კვირის ვადაში გაიმართება.   

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის – პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, 7- “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 -“ლელოს” და 12 “ქართულ ოცნებას”. დღეს სხდომას ენმ-ის 1 დეპუტატი რამაზ გულუა არ ესწრებოდა კარანტინში ყოფნის გამო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი