ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლები დააკავა

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მათი დამკვირვებლების დაკავებას ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს.

„24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.

მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად.

უსაფრთხოების საკითხებში უკანასკნელი მოვლენების განვითარების შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ღრმად შეშფოთებულია ამ შემთხვევით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლებს მათი მანდატის შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში უშლიან ხელს.

ინციდენტი განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე, ხვალ ერგნეთში“, – ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი