დაზარალებულები ბაზრის ადმინისტრაციისგან ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ

ფოთის ბაზრობის მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიები გუშინ გაჩენილი ხანძრისას დაიწვა, ბაზრის ადმინისტრაციისგან ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ისინი დარწმუნებულნი არიან რომ მომხდარი ფაქტი სწორედ ადმინისტრაციის კერძო ინტერესი იყო.

„ჩვენს მაღაზიებში ადმინისტრაციას უნდოდა გარე მოვაჭრეების შემოყვანა, რომლებიც ხილ-ბოსტანზე ვაჭრობენ. რადგან ჩვენ ქირაში ვიხდით 160 ლარს თვეში, ისინი კი დღეში 10 ლარს გადაუხდიდნენ, რაც თვეში 300 ლარია. ამაზე იყო წინა დღებში საუბარი და გადაწვეს კიდეც ბაზრობა. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ზარალის სრულად ანაზღაურებას”, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე მარიამ ლომაია.

დღეს ბაზრობასთან შეკრებილმა მოვაჭრეებმა სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო კადრების ამოღებაც მოითხოვეს.

„mewsportal.ge”-თან ბაზრობის მფლობელი ნოდარ კორსანტია აცხადებს, რომ ვიდეო მასალა უკვე ამოღებული აქვთ სამართალდამცავებს და საქმის წარმოებაში დევს.

„რაც შეეხება კომპენსაციებს, მე საკმაოდ დიდი ვალი მაქვს ბანკის. თქვენ იცით რომ ეს ქონება წინა ხელისუფლებამ წამართვა და სულ რამდენიმე დღის წინ დავიბრუნე და მაქვს საკმაოდ დიდი სესხი ბანკში. მიუხედავად ამისა ყველანაიარდ შევეცდები პირველ რიგში მოვაწესრიგო ეს ტერიტორია ისევ ამ მოვაჭრეებისთვის და რითაც შემეძლება დავეხმარო მათ”, – განაცხადა კორსანტიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ბაზრობას ცეცხლი გუშინ, დილით 7 საათზე გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 70- მდე მაღაზია და განადგურებულია მოვაჭრეების სავაჭრო საქონელი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი