ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტის და მექანიზმის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი