ევროკავშირმა ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში შეიყვანა – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტი მისი ხედვისა და სტრატეგიის ნაწილია და ქვეყანაში ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ პროექტზე იმდენი დრო და ენერგია აქვს დახარჯული, რამდენიც მას.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, ის გახლავთ ჩემი ხედვის ნაწილი, ჩემი სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე ვეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში, ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში შეიყვანა. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა, როგორ შეიძლება, ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი ბოლო პერიოდში მოუსმენია და ამავე დროს, სრულიად უპასუხისმგებლო.

„თუ ვინმეს აქვს გათვითცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავე დროს, ის არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის უფლებას თავის თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით – ეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, აქცენტის გადატანა ქვეყნისთვის ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტზე ხდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მას ამ საკითხზე ბრიუსელში ვიზიტის დროსაც ჰქონდა საუბარი. მამუკა ბახტაძემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ბრიუსელშიც კიდევ ერთხელ მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენ ევროპელ პარტიონიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობა ყველა საერთაშიროსო ფინანსურ ინტსიტუტს, რომელიც განხილავს და ასეთი მაღალი პერსპექტივით უყურებს ამ პროექტს“, – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი