ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა​

საქართველო ევროკავშირისგან პანდემიის ფონზე მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად 150 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა – ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი – 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა – 250 მილიონ ევროს, იორდანია – 200 მილიონ ევროს, კოსოვო – 100 მილიონ ევროს, მოლდოვა – 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო – 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია – 160 მილიონ ევროს, ტუნისი – 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.

ინიციატივას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 47-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. სავარაუდოდ, პირველ ტრანშს ქვეყნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მეორე ტრანშს კი, 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი