ანაკლიის პორტის პროექტის ხელის შეშლა, განპირობებულია ივანიშვილის კავშირებით რუსეთთან – გრიგოლ გეგელია

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერებმა გრიგოლ გეგელიამ და კახა კოჟორიძემ, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს.

სენატორების ტედ კრუზის და ჯონ კორნინის, ასევე, კონგრესმენების ჯოდი არინგტონისა და მარკვეინ მალინის წერილში საუბარია საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების, ასევე ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის საფრთხეების შესახებ.

“ქართული ოცნების” მიერ წარმოებულმა უგუნურმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ამ სამარცხვინო მომენტის დადგომა, როდესაც ხელისუფლება ღიად არის ეჭვმიტანილი ჩვენივე ქვეყნის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინტერესების მტრობასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში. სენატორთა წერილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციას და ღიად მიგვანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მავნებლური და უგუნური გეოპოლიტიკური სვლები, პირველ რიგში კი ანაკლიის პორტის ისტორიული პროექტის ხელის შეშლა, პირდაპირ არის განპირობებული ივანიშვილის კავშირებით რუსეთის ფედერაციასთან”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსნებთ, ამერიკელი სენატორები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ.

“ქვეყანაში ზიანდება ამერიკული ბიზნესისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას, იმუშაონ და გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან”, – აცხადებენ კონგრესმენები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი