ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე გაიზრდება, რისი მეშვეობითაც ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს, – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50- მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გარდაქმნის პროცესში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის და რეგიონულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ჩვენს ურთიერთობებში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელბს.  პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი დოლარია.

OPIC-ის და პეის ჯგუფს შორის 50- მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი