ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელტაც საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებს პრეტენზიები აქვთ “კავკასიური მეტალის ტერმინალთან”, რომელიც სპილენძის კონცენტრატის და ძვირფასი ლითონის იმპორტ-ექსპორტს ახორციელებს. ადგილობრივების მტკიცებით, ტერმინალის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„ისეთი სუნია, ისეთი მტვერი, ისეთი საშინელებაა, გარეთ ვერ დაჯდები, სარეცხს ვერ ვფენთ, სახლს ვერ ვანიავებთ, გარდა ამისა, ეს მტვერი და სუნი ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. გაგვასახლონ, მოგვცენ კომპენსაცია რომ სხვაგან შევიძინოთ ბინა, ან ბინები მოგვცენ, რომ გადავიდეთ აქედან. მუდმივად მძიმეწონიანი სატვირთო მანქანები გადაადგილდება და საშინელი ხმაურია, საღამოს არ გვძინავს. არც დღისით შეიძლება გაძლება, არც ღამით“, – განმარტავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

“კავკასიური მეტალის ტერმინალში” საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ “საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს და მტვერი მოსახლეობისთვის საზიანო არაა”.

კომენტარს არ აკეთებს ფოთის მერია, რომლის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ შეხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი