GEM Fest და პროექტი ZRDA ადგილობრივებისთვის ტრენინგებს გამართავენ

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest-ის, პროექტ ZRDA-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი გააცნეს.

პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხურში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEM Fest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში. პროექტის მიზანია საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რეკლამირების პაკეტების მიწოდება; საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ტრენინგების გამართვა და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი ან გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან, ბრაზილიიდან და ა.შ, რაც მათივე თქმით, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, გაიზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

USAID პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და Gem fest-თან ერთად ახორციელებს, პროექტი 2021 წელს დასრულდება.

USAID-ის პროექტ Zrda-ამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, წამყვანი ტუროპერატორების ტური მოაწყვეს, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთი უკვე წარდგა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB BERLIN.

კომენტარები

დატოვე კომენტარი