კონფლიქტისპირა სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა მოეწყო

კონფლიქტიპირა სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა, სადაც დასაქმებულთა უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილია.  გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი ესწრებოდნენ.

პროექტი იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით განხორციელდა. სასთბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულთან ერთად კოლხური ბზის კორომებსაც გამოიყვანენ. სასათბურე მეურნეობისთვის დახარჯულმა თანხამ 92 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ვესწრები სასათბურე მეურნეობის პროექტის გახსნის ცერემონიალს. საქართველო და იაპონია მჭიდროს დამეგობრებული ქვეყნებია და სასიხარულოა, რომ იაპონია მხარს უჭერს იძულებულად გადაადგილებულ პირთათვის და ადგილობრივებისთვის განხორციელებულ პროექტს. ეს პროექტი გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. იაპონიის მთავრობა სამეგრელოს ულამაზეს რეგიონში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს მათ შორის საბავშვო ბაღებს, სამედიცინო ცენტრს და მუზეუმებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ლამაზ ქვეყანასთან და ამ რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ასეთი ნაბიჯების გადადგმა ორ ქვეყანას შორის გადებული მეგობრობის კიდევ ერთი ხიდია,“ – განაცხადა სათბურების დათვალიერების შემდეგ იაპონიის ელჩმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი